Thursday 31 October 2013

კინემატოგრაფის ისტორია

კინოს დაბადების თარიღად 1895 წელს მიიჩნევენ, ზოგჯერ კინოს დაბადების დღესაც მიუთითებენ – 1895 წლის 28 დეკემბერს. ამ საღამოს გაიმართა მსოფლიოში პირველი საჯარო ფასიანი კინოსეანსი, რომლის ორგანიზატორებიც ლიონელი ფაბრიკატები, ძმები ოგიუსტ და ლუი ლუმიერები გახლდნენ. ლუმიერებმა მაყურებელს მათ მიერ შექმნილი აპარატის მეშვეობით გადაღებული და ეკრანზე პროეცირებული “გაცოცხლებული ფოტოგრაფია” წარუდგინეს. აპარატს მათ კინემატოგრაფი უწოდეს. პირველი სეანსი სულ ოციოდე წუთი გრძელდებოდა და რამდენიმე ერთწუთიანი სიუჯეტისგან შედგებოდა. მაყურებელმა დღეისათვის სახელგანთქმული ფილმები იხილა: “კედელი”, “მატარებლის შემოსვლა”, “მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან”, “ბავშვის საუზმე”, “გაწუწული მებაღე”… ეკრანზე ამოძრავებულმა რეალური ცხოვრების სურათებმა წარმოუდგენელი ეფექტი მოახდინა მაყურებელზე. ცნობა ახალი სასწაულის შესახებ ელვის სისწრაფით გავრცელდა ქალაქში. მეორე დღეს საღამოს მაყურებელთა რიგი უკვე მიმდებარე ქუჩებს ავსებდა. დაიწყო კინემატოგრაფის ტრიუმფალური სვლა.
შეიძლება ითქვას, რომ ლუმიერებს ნამდვილად გაუმართლათ. ყველა აღმოჩენას, ყველაზე უბრალოსაც კი, დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. კინოს გამოგონებაზეც დიდხანს მუშაობდნენ მეცნიერები, მაგრამ ლუმიერებმა სხვა მეცნიერების გამოგონებების სრულყოფილ ვარიანტს ჩასჭიდეს ხელი და უახლოეს მომავალში შედეგსაც მიაღწიეს. მათ შექმნეს საკუთარი აპარატი ,,სინემატოგრაფი”, რაზეც 1895 წელსვე მიიღეს პატენტი. ასეთი პატენტი, არანაკლებ სრულყოფილი, სხვა ავტორებსაც ჰქონდათ და სწორედ ეს ხდის სადავოს ლუმიერების კინემატოგრაფის ავტორებად გამოცხადებას. მიუხედავად ამ დავისა, ჯერჯერობით კინემატოგრაფიის ისტორიის დასაწყისი სწორედ მათ უკავშირდება. ლიუმიერებს თავიდან არც უფიქრიათ, რომ მათი გამოგნება ხელოვნების ახალი დარგი იყო. ისინი კინემატოგრაფს მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის იყენებდნენ. ილუზიონისტური თეატრის მფლობელმა, ჟორჟ მელიესმა თავიდანვე შეამჩნია ახალი გამოგონების დიდი პერსპექტივა და საკუთარ წარმოდგენებში ჩართო ეს ,,ტექნიკური საოცრება”. ამიტომ კინოხელოვნების ფუძემდებელთა შორის მას ერთ-ერთ პირველს მოიხსენიებენ ხოლმე. ლუმიერების კინოსეანსებმა მსოფლიო რეზონანსი გამოიწვია. კინო სწრაფად იპყრობს ამერიკას, ინგლისს, მთელ ევროპას. 1896 წლის 4 მაისს ლუმიერის კინემატოგრაფის პრემიერა შედგა სანკტ-პეტერბურგში, ამავე წლის 26 მაისს – მოსკოვში, ხოლო 16 ნოემბერს – თბილისში. რეპერტუარი ყველგან იგივე იყო. ლუმიერების ფილმები ძირითადად “საოჯახო ალბომის” პრინციპზე გახლდათ აგებული და მცირე ჩანახატებისაგან შედგებოდა. მაგრამ ეს რეპერტუარი საკმარისი არ აღმოჩნდა მოზღვავებული მაყურებლის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. სიუჟეტების ძიებაში ოპერატორები მთელ მსოფლიოს მოედვნენ.

1 comment:

  1. Why Make Money - How Does it Work? - Work
    The easiest way to make money is to bet with the right sportsbook. Online sportsbooks provide you with the basics, without หารายได้เสริม having to resort to an

    ReplyDelete